სსიპ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება

ბრძანება #45(22.04.2015)
გადაწყვეტილება
 პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი   

მუხლი 4. ტერმინთა განმარტება 
თავი IV. ტექნიკური საფრთხის კონტროლი
მუხლი 21.ინსპექტირების ორგანო და მისი უფლება-მოვალეობები
მუხლი 22. ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა
თავი VIII. შესაბამისობის შეფასება
მუხლი 90. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო
მუხლი 91. შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. კოდექსის მიზანი

ამ კოდექსის მიზანია:

ა) ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოს დაცვა; 

ბ) უსაფრთხო პროდუქტის ბაზარზე განთავსება და თავისუფალი მიმოქცევა;

გ) პროდუქტის გადაადგილების და ბაზარზე განთავსების პროცესში კონკურენციის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა; 

დ) მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ექსპლუატაციის წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის გზით;

ე) რისკის ანალიზსა და შეფასებაზე დამყარებული ინსპექტირების სისტემის დანერგვა;

ვ) მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ტექნიკური ინსპექტირების სისტემის ჩამოყალიბება და ინსპექტირების ორგანოების საქმიანობისათვის სამართლებრივი ბაზის შექმნა;

ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს და ინსპექტირების ორგანოების უფლებამოსილებათა გამიჯვნა მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ექსპლუატაციისა და კონტროლის სფეროებში; 

თ) სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით;

ი) სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის, აკრედიტაციის და შესაბამისობის შეფასების სფეროებში საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება.

.......................

მუხლი 4. ტერმინთა განმარტება

1. პროდუქტი – ყველა მოძრავი ნივთი და ამ ნივთთან დაკავშირებული მომსახურება, თუნდაც ეს ნივთი იყოს სხვა მოძრავი ან უძრავი ნივთის შემადგენელი ნაწილი. ამ კოდექსის მიზნებისათვის „ნივთი“ არ მოიცავს სურსათის პირველად პროდუქტს და ნადირობის შედეგად მოპოვებულ პროდუქტს. „პროდუქტი“ ასევე მოიცავს ბაზარზე განთავსებულ საქონელს, მიუხედავად იმისა, განკუთვნილია თუ არა იგი უშუალოდ საბოლოო მომხმარებლისათვის, რომელიც მიწოდებულია ან სხვაგვარად არის ხელმისაწვდომი კომერციული ან არაკომერციული მიზნებისათვის. 

2. უსაფრთხო პროდუქტი – პროდუქტი, რომელიც დანიშნულებისამებრ, გონივრული გამოყენებისას და ვარგისობის ვადის დაცვისას არ შეიცავს რისკს, ან შეიცავს მხოლოდ ადამიანის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გათვალისწინებით დასაშვებად მიჩნეულ მინიმალურ რისკს. უსაფრთხოების უფრო მაღალი დონის უზრუნველყოფის შესაძლებლობა ან ნაკლები რისკის შემცველი სხვა პროდუქტის ხელმისაწვდომობა არ არის პროდუქტის სახიფათო პროდუქტად მიჩნევის საფუძველი.

3. სახიფათო პროდუქტი – პროდუქტი, რომელიც არ შეესაბამება ამ მუხლის მე-2 ნაწილში მოცემულ „უსაფრთხო პროდუქტის“ განმარტებას.

4. მწარმოებელი: 

ა) დასრულებული პროდუქტის, ნედლი მასალის ან პროდუქტის შემადგენელი ნაწილის მწარმოებელი, პროდუქტის გადამკეთებელი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომლის სახელი, სავაჭრო ან სხვა განმასხვავებელი ნიშანი განთავსებულია პროდუქტზე და რომელიც თავს ამ პროდუქტის მწარმოებლად წარმოადგენს; 

ბ) უცხოელი დამამზადებლის საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი წარმომადგენელი, ან/და პროდუქტის ბაზარზე განმათავსებელი, თუ უცხოელ დამამზადებელს საქართველოში არ ჰყავს წარმომადგენელი; 

გ) პირი, რომელიც თავისი საქმიანობის ფარგლებში პროდუქტით უზრუნველყოფს ბაზარს და რომლის საქმიანობას შეუძლია გავლენა მოახდინოს ბაზარზე განთავსებული პროდუქტის უსაფრთხოების მახასიათებლებზე. 

5. დისტრიბუტორი – პირი, რომელიც თავისი საქმიანობის ფარგლებში პროდუქტით უზრუნველყოფს ბაზარს და რომელიც პროდუქტის მიმართ სათანადო პირობების დაცვის შემთხვევაში გავლენას არ ახდენს პროდუქტის უსაფრთხოების მახასიათებლებზე.

6. ავტორიზებული წარმომადგენელი − მწარმოებლის მიერ ავტორიზებული პირი, რომელსაც მწარმოებლის ნაცვლად შეიძლება მიმართოს უფლებამოსილმა პირმა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან დაკავშირებით.

7. იმპორტიორი/პროდუქტის ბაზარზე განთავსებისათვის პასუხისმგებელი პირი − პირი, რომელიც პასუხისმგებელია სხვა ქვეყანაში წარმოებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებისათვის. 

8. ბაზარზე განთავსება – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, პროდუქტის ბაზარზე პირველადი მიწოდება წარმოების, იმპორტის, იჯარის, ლიზინგის ან სხვა გზით, კომერციული ან არაკომერციული მიზნებისათვის. პროდუქტის ყოველი მომდევნო მიწოდება არ ითვლება ბაზარზე განთავსებად. 

9. ექსპლუატაციაში გაშვება − საქართველოში პროდუქტის პირველად გამოყენება. თუ პროდუქტის ექსპლუატაციის დაწყება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, ექსპლუატაციაში გაშვება შეიძლება დაექვემდებაროს დამატებით ტექნიკურ მოთხოვნებს.

10. ბაზარზე განთავსებად არ ითვლება შემთხვევა, როდესაც:

ა) მწარმოებელმა პროდუქტი საკუთარ წარმომადგენლობას მიაწოდა; 

ბ) პროდუქტი მიწოდებულია შემდგომი დახვეწის (მაგალითად, აწყობის, შეფუთვის, გადამუშავების ან ეტიკეტირების) მიზნით;

გ) პროდუქტი არ არის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე;

დ) პროდუქტი წარმოებულია საქართველოში სხვა ქვეყანაში ექსპორტის მიზნით;

ე) პროდუქტი განკუთვნილია სადემონსტრაციოდ;

ვ) პროდუქტი განთავსებულია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დასაწყობების მიზნით და არ არის ხელმისაწვდომი მომხმარებლისათვის, თუ შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დასაწყობებისათვის სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

11. ტექნიკური დოკუმენტაცია − ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული საჭირო ინფორმაცია პროდუქტის დაპროექტების, წარმოებისა და ექსპლუატაციის შესახებ.

12. შესაბამისობის შეფასება (შშ) – პროცედურები, რომლებითაც დგინდება, შესრულებულია თუ არა შესაბამისობის შეფასების ობიექტის მიმართ დადგენილი მოთხოვნები. 

13. შესაბამისობის შეფასების ობიექტი – მასალა, პროდუქტი, მომსახურება, პროცესი, სისტემა, პირი, რომლის მიმართაც გამოიყენება შესაბამისობის შეფასება. 

14. შესაბამისობის შემფასებელი პირი – პირი, რომელიც პროფესიული საქმიანობის ფარგლებში ახორციელებს შესაბამისობის შეფასებას. რეგულირებულ სფეროში შესაბამისობის შეფასებას ახორციელებს აკრედიტებული ან კანონით პირდაპირ განსაზღვრული სხვა პირი. 

15. რეგულირებული სფერო – კანონით განსაზღვრული სფერო, რომელიც პირდაპირ ადგენს ობიექტებს, რომელთა შესაბამისობის შეფასება სავალდებულოა.

16. პროდუქტის გამოთხოვა – ქმედება, რომელიც მიმართულია სახიფათო პროდუქტის დაბრუნებისკენ, რომელიც მწარმოებლის ან დისტრიბუტორის მიერ უკვე მიწოდებულია ან სხვაგვარად არის ხელმისაწვდომი მომხმარებლისათვის.

17. პროდუქტის ამოღება – ქმედება, რომელიც მიმართულია სახიფათო პროდუქტის დისტრიბუციის, მომხმარებლისათვის შეთავაზების ან მიწოდების შეწყვეტისაკენ.

18. ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტი – ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც მიღებულია/დამტკიცებულია ევროკომისიის ახალი და გლობალური მიდგომის შესაბამისი დირექტივის საფუძველზე და რომელსაც აქვეყნებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო.

19. ერთეულთა საერთაშორისო სისტემა (SI) – გაზომვის ერთეულთა საერთაშორისო სისტემა, რომელიც რეკომენდებული და მიღებულია მეტრული კონვენციის შესაბამისად ზომისა და წონის გენერალური კონფერენციის მიერ.

20. დაფასოებული საქონელი – შეფუთული საქონელი, რომლის შეფუთვაზე აღნიშნულია მისი რაოდენობა, რომელიც გარკვეული სიზუსტით შეესაბამება წინასწარ შერჩეულ ნომინალურ მნიშვნელობას და რომელიც არ შეიძლება შეიცვალოს შეფუთვის გახსნის ან ხილული დაზიანების გარეშე.

........................................

თავი IV ტექნიკური საფრთხის კონტროლი

მუხლი 14. რეგულირების სფერო

1. ეს თავი არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. 

2. სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება:

ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; 

ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; 

გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; 

დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი;

ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.

3. ამ თავის მოქმედება არ ვრცელდება სპეციალური კანონმდებლობებით რეგულირებულ შემდეგ სფეროებზე:

ა) „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სფერო;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციისათვის მიკუთვნებული საქმიანობის, მათ შორის, ხანძრის თავიდან აცილებისა და მისი შედეგების ლიკვიდაციის, აგრეთვე საგანგებო სიტუაციის მართვასთან დაკავშირებული ღონისძიებების სფერო;

გ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების უსაფრთხო წარმოების, ზედამხედველობისა და კონტროლის სფეროები;

დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სფერო. 

4. ამ თავით არ რეგულირდება:

ა) სამშენებლო საქმიანობა, რომელიც არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას;

ბ) საშიშ ობიექტებთან დაკავშირებული ის ობიექტები და საქმიანობა, რომელთა კონტროლს არ ითვალისწინებს ეს თავი.

მუხლი 15. ტერმინთა განმარტება

ამ თავის მიზნებისათვის ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი (შემდგომ – ობიექტი) – ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს; 

ბ) მომეტებული ტექნიკური საფრთხე – საფრთხე, რომელსაც შეიცავს სამოქალაქო ბრუნვაში არსებული ობიექტი, აგრეთვე მის შექმნასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული პროცესი, რომლის წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის საფრთხეს და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის;

გ) ავარია – ობიექტის რღვევა, ნგრევა, აფეთქება ან ემისია, რომელიც იწვევს ადამიანის ინტოქსიკაციას ან სიკვდილს, ან ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას, გარემოს და მატერიალურ ფასეულობებს;

დ) შეუსაბამობა – ობიექტის დაზიანება, წუნი, სათანადო ტექნოლოგიური პროცესიდან გადახრა, რომელიც ზრდის საფრთხის რისკს, აგრეთვე უსაფრთხოების წესების დარღვევა, რომელიც შეიძლება განეკუთვნებოდეს არაარსებით, არსებით ან კრიტიკულ შეუსაბამობას:

დ.ა) არაარსებითი შეუსაბამობა – შეუსაბამობა, რომლის გამოსწორება შესაძლებელია ჩვეულებრივი საქმიანობის შეჩერების გარეშე, რომელიც არ უქმნის პირდაპირ საფრთხეს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან გარემოს და რომელიც უნდა აღმოფხვრას ობიექტის მფლობელმა;

დ.ბ) I ხარისხის არსებითი შეუსაბამობა – შეუსაბამობა, რომლის გამოსწორება სავალდებულოა, მაგრამ დაუყოვნებლივ შეუძლებელია და რომელიც მოცემული მომენტისათვის არ წარმოშობს სიცოცხლისათვის საშიშ საფრთხეს, თუმცა მომავალში მისი გამოუსწორებლობა მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის დარღვევის მქონე ობიექტთან უშუალოდ დაკავშირებული ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან გარემოს;

დ.გ) II ხარისხის არსებითი შეუსაბამობა – შეუსაბამობა, რომლის გამოსწორება სავალდებულოა, მაგრამ დაუყოვნებლივ შეუძლებელია და რომელიც მოცემული მომენტისათვის არ წარმოშობს სიცოცხლისათვის საშიშ საფრთხეს, თუმცა მომავალში მისი გამოუსწორებლობა მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის დარღვევის მქონე ობიექტთან უშუალოდ დაკავშირებული ადამიანისა და მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან გარემოს;

დ.დ) I ხარისხის კრიტიკული შეუსაბამობა – შეუსაბამობა, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის დარღვევის მქონე ობიექტთან უშუალოდ დაკავშირებული ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან გარემოს და რომლის დაუყოვნებლივ გამოსწორება სავალდებულოა;

დ.ე) II ხარისხის კრიტიკული შეუსაბამობა – შეუსაბამობა, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის დარღვევის მქონე ობიექტთან უშუალოდ დაკავშირებული ადამიანის და მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან გარემოს და რომლის დაუყოვნებლივ გამოსწორება სავალდებულოა;

ე) ინსპექტირება – ბაზარზე ზედამხედველობის მიზნით ობიექტის საქართველოს კანონმდებლობითა და ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების პროცესი, რომელიც ხორციელდება ტექნიკური ინსპექტირების, დოკუმენტური კონტროლისა და მშენებლობის სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის ფორმებით, პროფესიული შეფასების საფუძველზე. ინსპექტირების ფორმებია:

ე.ა) ტექნიკური ინსპექტირება – ინსპექტირების ორგანოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ ობიექტის ადგილზე შემოწმება, რომელიც მოიცავს ასევე ობიექტის ტექნიკურ დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენას;

„ე.ა1) მშენებლობის სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობა – დამკვეთის მოთხოვნით მშენებლობის პროცესში მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების შესრულების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, აღნიშნულ საკითხზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე.ბ) დოკუმენტური კონტროლი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ინსპექტირების ორგანოს მიერ განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირების მასალების ანალიზი, შეფასება და სათანადო რეაგირება;

ვ) ინსპექტირების ორგანო – ობიექტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების განმახორციელებელი დამოუკიდებელი პირი, რომელიც რეგისტრირებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და აკრედიტებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აგრეთვე სხვა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო; 

ზ) ობიექტის ტექნიკური სპეციფიკაცია – ობიექტის ტექნიკური სპეციფიკაცია მოიცავს:

ზ.ა) ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემებს;

ზ.ბ) ინფორმაციას ობიექტის მფლობელის შესახებ;

ზ.გ) ინფორმაციას ობიექტის მწარმოებლის/მშენებლის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ზ.დ) ობიექტის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს;

ზ.ე) ინფორმაციას ობიექტის ადგილმდებარეობის შესახებ;

ზ.ვ) ინფორმაციას ობიექტზე განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ;

ზ.ზ) ინფორმაციას ობიექტზე მომხდარი ავარიის შესახებ;

ზ.თ) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ სხვა პარამეტრებს, ასეთების არსებობის შემთხვევაში;

ზ.ი) სანებართვო ობიექტის ნებართვის ნომერს ან შესაბამისი აქტის ნომერს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

თ) სამშენებლო საქმიანობა – ობიექტის მშენებლობის, მონტაჟის, რეკონსტრუქციისა და დემონტაჟის პროცესი;

ი) სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები;

კ) სიმტკიცე – სამშენებლო ნაკეთობისა და კონსტრუქციის, მათი შეერთების კვანძების, შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გრუნტის თვისება, რღვევის გარეშე აიტანოს დატვირთვების საანგარიშო მაჩვენებლები; 

ლ) მდგრადობა – შენობა-ნაგებობის უნარი, შეინარჩუნოს მდგრადი წონასწორობა საანგარიშო დატვირთვების ზეგავლენისას; 

მ) საიმედოობა – შენობა-ნაგებობის, მისი საინჟინრო სისტემების, მზიდი კონსტრუქციების ნორმებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება ექსპლუატაციის მთელ პერიოდში; 

ნ) დამკვეთი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონით განსაზღვრული სხვა ორგანიზაციული ფორმის მქონე პირი, რომელიც სამუშაოს სამშენებლო ორგანიზაციას უკვეთავს; 

ო) მენარდე – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც დაკვეთის საფუძველზე ასრულებს საპროექტო-საძიებო ან/და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს; 

პ) მოსარგებლე – ფიზიკური ან იურიდიული პირი (გარდა იმ ფიზიკური ან იურიდიული პირისა, რომელსაც სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე წარმოეშვა ნივთით დროებით სარგებლობის უფლება), რომელსაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აქვს საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი და სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისათვის ამ უფლების რეგისტრაცია არ განუხორციელებია; 

ჟ) მშენებლობის ნებართვა – უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, განსაზღვრული ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია; 

რ) სამშენებლო სამართალდარღვევა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ თავით;

ს) სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება – სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების ან/და დამრღვევისთვის ამ თავით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით ჩატარებული საქმის წარმოება;

ტ) სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორება – სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მითითების ან/და დადგენილების საფუძველზე დამრღვევის მიერ განხორციელებული მშენებლობის სამშენებლო დოკუმენტის ან/და სამშენებლო რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, რომელიც არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას;

უ) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონა – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ტერიტორიები, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორიები, აგრეთვე კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები, საკურორტო-სარეკრეაციო და სხვა ზონები, სადაც მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის დადგენილია დამატებითი სპეციალური პირობები; 

ფ) სამშენებლო დოკუმენტი – დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ტექსტურ და გრაფიკულ ინფორმაციას და მშენებლობის ნებართვის გაცემისა და მშენებლობის განხორციელების საფუძველია;

ქ) განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონა – საქართველოს დედაქალაქის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების დედაქალაქების, საკურორტო და სარეკრეაციო ზონების ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიების ის ნაწილები, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით; 

ღ) მითითება – საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემული შენიშვნა შეუსაბამობაზე და მოთხოვნა, რომელიც განსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელშიც დამრღვევმა უნდა შეასრულოს მითითებაში მოცემული პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად; 

ყ) ინსპექტირების ოქმი − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ან სხვა ინსპექტირების ორგანოს მიერ განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირების შედეგების ამსახველი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს შემოწმების შედეგებს და შესაბამისობის შეფასების მონაცემებს; 

შ) ტექნიკური სერტიფიკატი – ინსპექტირების ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას;

ჩ) მონიტორინგის ნუსხა – კრიტიკული შეუსაბამობის მქონე ობიექტების ჩამონათვალი, რომელსაც ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო და რომელში შეტანილ ობიექტებზე მონიტორინგს ახორციელებს კრიტიკული შეუსაბამობის აღმოფხვრამდე;

ც) მსგავსი ტიპის შეუსაბამობა − ობიექტებზე არსებული მსგავსი ტიპის ელექტრულ და მექანიკურ მანქანა-დანადგარებზე, მექანიზმებსა და მოწყობილობებზე, აგრეთვე მსგავს ტექნოლოგიურ პროცესებთან დაკავშირებით არსებული დარღვევები.

...............

მუხლი 21. ინსპექტირების ორგანო და მისი უფლება-მოვალეობები

1. ტექნიკურ ინსპექტირებას ახორციელებს ინსპექტირების ორგანო ობიექტის ადგილზე შემოწმების ფორმით.

2. ობიექტზე არსებითი ან კრიტიკული შეუსაბამობის არსებობის შესახებ ინსპექტირების ორგანო დაუყოვნებლივ ატყობინებს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს. ასეთი შეუსაბამობა ფიქსირდება ტექნიკური ინსპექტირების ოქმში, რომლის ასლი სპეციალური შენიშვნებით/მითითებით (ასეთების არსებობის შემთხვევაში) 24 საათის განმავლობაში ეგზავნება ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს.

3. ინსპექტირების ორგანომ საქმიანობის დაწყებისათვის ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უნდა გაუგზავნოს შეტყობინება აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლთან ერთად.

4. ინსპექტირების ორგანო ტექნიკურ და სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ შესაბამის ორგანოს წარუდგენს თავის მიერ ჩატარებული ინსპექტირებისა და მისი შედეგების შესახებ დოკუმენტებს ინსპექტირების ჩატარებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. ობიექტის უსაფრთხოების პერიოდული ინსპექტირების განმახორციელებელ აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პასუხისმგებლობის დაზღვევა, გარდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრი ქვეყნების ინსპექტირების ორგანოებისა, რომელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა საქართველოს ტერიტორიასაც ფარავს.

6. ტექნიკური ინსპექტირების განხორციელების დროს ინსპექტირების ორგანო შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში ადგენს ტექნიკური ინსპექტირების ოქმს, ხოლო დადგენილ მოთხოვნებთან ობიექტის სრული შესაბამისობის შემთხვევაში გასცემს ინსპექტირების სერტიფიკატს. 

7. ტექნიკურ მოთხოვნებთან ობიექტის შესაბამისობის შემთხვევაში ინსპექტირების სერტიფიკატის ასლს ინსპექტირების ორგანო ინსპექტირების სერტიფიკატის გაცემიდან 5 დღის ვადაში უგზავნის ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, რომელსაც მასში აღნიშნული ინფორმაცია შეაქვს ობიექტების უწყებრივ რეესტრში. 

8. არსებითი ან კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში ინსპექტირების ორგანო და ობიექტის მფლობელი (ან მისი წარმომადგენელი) თანხმდებიან შეუსაბამობის გამოსწორების გონივრულ ვადაზე, რაც ფიქსირდება ტექნიკური ინსპექტირების ოქმში, რომელსაც ხელს აწერს ორივე მხარე. 

9. ამ მუხლის მე-8 ნაწილში აღნიშნულ საკითხზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში ინსპექტირების ორგანოს მიერ შეუსაბამობის გამოსწორებისათვის რეკომენდებული ვადა აისახება ტექნიკური ინსპექტირების ოქმში. 

10. ტექნიკური ინსპექტირების ოქმისა და შენიშვნების/მითითების საფუძველზე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას მათი ძალაში შესვლის შესახებ, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ობიექტის მფლობელს და ინსპექტირების ორგანოს, რის შემდეგაც მითითების შესრულება სავალდებულო ხდება. 

11. ობიექტის მფლობელი ვალდებულია დადგენილ ვადაში შეუსაბამობის გამოსწორების დადასტურების მიზნით განმეორებით მოიწვიოს ინსპექტირების ორგანო.

12. კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში ინსპექტირების ორგანო უფლებამოსილია:

ა) განუმარტოს ობიექტის მფლობელს შესაძლო შედეგები და გასცეს რეკომენდაცია ობიექტის ან მისი ცალკეული ნაწილების ექსპლუატაციის შეჩერების შესახებ ტექნიკური ინსპექტირების ოქმში მითითებით;

ბ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს ამის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს და გაუგზავნოს ტექნიკური ინსპექტირების ოქმის ასლი;

გ) თუ ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერება გამოიწვევს მეტ ზიანს, ვიდრე მისი ექსპლუატაციის გაგრძელება, ან არსობრივად შეუძლებელია პროცესის შეჩერება, ინსპექტირების ორგანო ვალდებულია ამის შესახებ გააკეთოს შენიშვნა ტექნიკური ინსპექტირების ოქმში და 24 საათის განმავლობაში გაუგზავნოს იგი ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს.

13. ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის/დოკუმენტის გაგზავნა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფორმით.

მუხლი 22. ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა

1. ინსპექტირების ორგანო პროფესიულ საქმიანობაში, შეფასებასა და გადაწყვეტილების მიღებაში დამოუკიდებელია დაინტერესებული მხარეებისაგან. 

2. ინსპექტირების ორგანო და მისი პერსონალი, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ინსპექტირების ჩატარებისათვის, უშუალოდ არ უნდა მონაწილეობდნენ ობიექტის დაპროექტებაში, წარმოებაში, ექსპლუატაციაში, მიწოდებაში, მონტაჟსა და რემონტში და არ უნდა იყვნენ ზემოაღნიშნულ ფუნქციათა შემსრულებელი პირების უფლებამოსილი წარმომადგენლები. 

3. ინსპექტირების ორგანო და მისი პერსონალი უშუალოდ არ უნდა მონაწილეობდნენ ურთიერთჩანაცვლებადი ობიექტების დაპროექტებაში, წარმოებაში, მონტაჟსა და მომსახურებაში. ინსპექტირების ორგანო და მისი პერსონალი არ უნდა იყვნენ ზემოაღნიშნულ ფუნქციათა შემსრულებელი პირების უფლებამოსილი წარმომადგენლები.

4. ინსპექტირების ორგანო არ უნდა ახორციელებდეს სხვა ისეთ საქმიანობას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის გა